ხვალ ხდება უბინძურესი მოვლენა“ – ზაზა ხატიაშვილი პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე საუბრობს
ხვალ უზენაეს სასამართლოში სამარცხვინო პროცესი უნდა მოხდეს, – ასე ეხმაურება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით ხვალ დაგეგმილ კენჭისყრას.
ხატიაშვილმა განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დავიწყებ თავიდან, ამას მე ვპროგნოზირებდი დაახლოებით 8 წლის წინ, როცა ივანიშვილის ხელისუფლება მოვიდა და მურუსიძეზე თქვა, ეს კარგი კაცი გავიცანიო ვაბობდი: კლანი დააკომპლექტებს უზენაეს სასამართლოს, კლანი ემზადება იმისათვის, რომ მთელი სასამართლო სისტემა აიღოს ხელში. რასაც ვამბობდი 8 წლის განმავლობაში, იმას ვამბობ დღესაც. ეს იყო იმ გარიგების დიდი ნაწილი, რომელიც შედგა მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ 7 წლის წინ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძეს.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს – ხვალ ხდება ისეთი სიბინძურე, რომელსაც, მე, ზაზა ხატიაშვილი ვერ წარმოვიდგენდი.
ხვალ ხდება უბინძურესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, კაცს, რომელსაც აქვს ყალბი დიპლომი და ეს არის გენერალური პროკურორი, მას პარლამენტი, სავარაუდოდ, აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
ხვალ უზენაეს სასამართლოში სამარცხვინო პროცესი უნდა მოხდეს და გაჩუმებულია მთელი საზოგადოება, თოთო-ოროლა ადამიანი ვიღებთ ხმას“, – განაცხადა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, ის საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კენჭისყრის პარალელურად გაიმართება. როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, ის პარლამენტის პიკეტირებას არ ემხრობა. „ხვალ რამდენიმე ადამიანის კანდიდატურას, ალბათ, ჩააგდებენ, იტყვიან, აი, დემოკრატიული პროცესიაო. ივანიშვილის კლანი და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელ კანდიდატებზეც შეთანხნდებიან , ისინი არ ჩავარდებიან. სიაში არიან მოსამართლეები, წინასწარ განწირულები, რომლებიც უნდა ჩავარდნენ , რომ შემდეგ თქვან, ეს დემოკრატიული პროცესი იყო, არ დაუჭირა მხარი პარლამენტმაო. ხვალ აქციაზე აუცილებლად ვიქნები. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, მთელი საქართველო რომ ქუჩაში გამოვიდეს, შეიძლება დაუმორჩილებლობა გავაკეთოთ, მაგრამ კანონის ჩარჩოებში. გააჩნია რა სახის პიკეტირება იქნება, თუ ადამიანებს შეეზღუდებათ გადაადგილება, ეს არ შეიძლება. მე არ ვარ მომხრე რომ დეპუტატს წინ დავუდგე, თავში რაღცა ჩავარტყა და არ შევუშვა პარლამენტში. ამას კანონი კრძალავს. უნდა ვისწავლოთ კანონის დონეზე თამაში”, – განაცხადა ხატიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე