ცოტნე ზურაბიანი: საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს – არ არსებობს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ცოტნე ზურაბიანმა, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს – არ არსებობს.
მისი თქმით, მისასალმებელია დიალოგი, რომელიც ოპოზიციასთან საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით დაიწყო.
“არის დისკუსია პროპორციულ არჩევნებთან, შერეულ სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რომელიმე ამ სისტემის უპირატესობაზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის ყველაზე არადემოკრატიული და მიუღებელი, რა თქმა უნდა, ფუნდამენტში ურტყამს დემოკრატიის პრინციპებს, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო სისტემებზე – ისეთი წარმატებული მოდელები გვაქვს ჩვენ ევროპაში და მათ შორის, გამოცდილ დემოკრატიებში, სადაც წარმატებით იყენებენ მაჟორიტარულ სისტემას.
მისასალმებელია, ის რომ კონსტრუქციულ ფორმატში გადმოვიდნენ, აღარ საუბრობენ ძალისმიერი რიტორიკით და მათი ყველაზე მთავარი დამახასიათებელი რაც გახლდათ- მოწოდება სახელმწიფოს დამხობისკენ. ჩვენ მივესალმებით ამ დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს კონკრეტული შედეგები ექნება. მე ვემხრობი მსჯელობას, ვემხრობი დისკუსიას, ვემხრობი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდეს საუბარი, იმიტომ რომ იცვლება პოლიტიკური მოცემულობა, მიზანშეწონილობა და ჩვენ, აქ მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს – რომ ჩვენი გადაწყვეტილებების მთავარი ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერებული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო, რომ ხელი შეეწყო ქვეყანაში კონსტრუქციული დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის და ა.შ.
“საპირისპიროდ ჩვენ მივიღეთ რადიკალიზაცია, პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირებები. ჩვენი პოზიცია, რომელიც გაჟღერდა იყო არგუმენტირებული და იყო შედეგზე ორიენტირებული”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.