ლევან გოგიჩაიშვილი: თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნესსექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროეტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნესსექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგას სახელმწიფომ, რომელიც ხედავს ამ პრობლემას და არ აგვარებს. კი ბატონო, ბიზნესმა გადმოდგა ნაბიჯი და უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფო აკეთებს, ახლა ჯერი პარლამენტზეა. არასერიოზული იქნება, რომ ამის შემდეგ გადაწყვატილება არ მიიღოს პარლამენტმა. რაც შეეხება ახალ პროექტს, მათი კომპანია და მათი გადაწყვეტილებაა, დანარჩენს თავად მომხმარებელი შეაფასებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, რათა რეკლამის მეშვეობით კიდევ სხვა ახალგაზრდების ჩართვა არ მოხდეს აზარტულ თამაშებში. სამარცხვინოა, კომპანიები იღებდნენ გადაწყვეტილებებს და პარლამენტს ეს საკითხი არ აინტერესებდეს. მთავარი გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანია “ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის “პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე, ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.