მაია ცქიტიშვილი: რუსეთთან საქართველოს სახელით რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმართვა კატეგორიულად მიუღებელია

“რუსეთთან საქართველოს სახელით რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმართვა კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამომრჩეველიც ხედავს”, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მის გვერდით ისეთი პოლიტიკური ფიგურები დგანან, რომლებისთვისაც ის პრაგმატული პოლიტიკა მიუღებელი იყო, რომელსაც “ქართული ოცნება” რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.

„ქალბატონი ნინოს ასეთი პრორუსული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, პრობლემად რჩება ბევრი წლის განმავლობაში. პრაქტიკულად, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარი პარტიის წარმომადგენელი ცდილობს, საკუთარი თავის წარმოჩენას საქართველოს წარმომადგენლად. ამ სახელით რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმართვა კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამომრჩეველიც ხედავს.

ჩემთვის კიდევ უფრო საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გვერდით დგანან და საქმიანობენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთათვის სრულიად მიუღებელი იყო „ქართული ოცნების“ არათუ ასეთი სახის პირდაპირი გავლენის ქვეშ ყოფნა, როგორც სამწუხაროდ ქალბატონი ნინო იმყოფება, არამედ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში. იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, ვისთვისაც ეს პრაგმატული პოლიტიკა იყო მიუღებელი, დღეს მისაღებია ქალბატონ ნინოსთან ერთ კოალიციაში ყოფნა, ერთ მაგიდასთან ჯდომა.

გარდა ამისა, ძალიან მოქნილი არის მათი შეფასებები. ნამდვილად ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი მათი მხრიდან, საკმაოდ გაურკვეველ სტანდარტებთან და პოზიციებთან რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში. ამიტომ, სჯობს, ისინიც ჩამოყალიბდნენ, პროევროპულ, პროდასავლურ და პროამერიკულ პარტიებს რამდენად შეეფერებათ ასეთი პარტნიორის ყოლა“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები