ნინო ბურჯანაძე: რუსეთში შეხვედრებზე ვაჟა გაფრინდაშვილზე ვისაუბრე, ექიმი ძალიან მალე გათავისუფლდება

დრო და საათი ახლა რომც ვიცოდე ზუსტად, მაინც არ გეტყვით და არ დავიწყებდი ახლა ამაზე საუბარს, შემიძლია, გითხრათ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ნათლად ესმის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესის დაჩქარებისთვის ხელის შეწყობა მნიშვნელოვანია.

“რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია ვისაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ცხადია როგორც ამას აკეთებს ხოლმე დიპლომატიური უწყება, გააკეთა ძალიან მოკლე განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით და ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი გზავნილიც დააფიქსირა. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის თემას, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. ხვალაც ვაპირებ შემდგომ შეხვედრებზე საუბარს. მივმართე თხოვნით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომ ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს. მინდა დიდი სიამოვნებით გითხრათ, რომ ვარ ძალიან იმედიანად ამ შეხვედრების შემდეგ, რადგან ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არამარტო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო როდესაც საქმე ექიმს ეხება, არამედ პოლიტიკურადაც ძალიან ნათლად ესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათი მხრიდან ამ პროცესისთვის და დაჩქარებისთვის ხელის შეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისიცე თქმით, უკანონოდ დაკავებულ ექიმს საპატიმროდან მალე გამოუშვებენ.

“მე დრო და საათი ახლა რომც ვიცოდე ზუსტად, მაინც არ გეტყვით და არ დავიწყებდი ახლა ამაზე საუბარს. შემიძლია, გითხრათ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება. ამ წუთისთვის სწორედ ეს განწყობაა და მაქსიმალური ხელშეწყობა ამისთვის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრები 6 დეკემბერსაც გაგრძელდება.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე თავისი დაინტერესება დაადასტურა, მათ შორის იყო ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები