ხულოში, სოფელ კვატიაში, შინდისის გმირის, თეიმურაზ ბერიძის მემორიალი გაიხსნა
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ კვატიაში შინდისის გმირის თეიმურაზ ბერიძის მემორიალი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო კვატიის ცენტრი და შინდისის გმირის თეიმურაზ ბერიძის მემორიალი გაკეთდა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები, გმირის ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გმირი თეიმურაზ ბერიძე, ისაუბრეს მის თავდადებასა და ღვაწლზე. სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტულ თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.
თეიმურაზ ბერიძე ხულოს რაიონის სოფელ კვატიაში 1974 წელს დაიბადა. 2006 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში. იყო მეორე ბრიგადის 22-ე ბატალიონის კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში უთანასწორო ბრძოლისას დაღუპულ 17 სამხედრო მოსამსახურეს შორის ერთ-ერთი იყო კაპრალი თეიმურაზ ბერიძე.
შინდისის გმირების უკვდავსაყოფად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის 28 ნოემბრის №59 განკარგულებით, ხულოში ერთ-ერთ ქუჩას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ,,შინდისის გმირების ქუჩა“ დაერქვა.