“საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ ჟურნალისტები” – ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს შეხვდება და იმ განცხადებებს გაეცნობა, რომელიც ბოლო პერიოდში, მათი მხრიდან კეთდება.
როგორც ლომჯარია ამბობს, აჭარის მაუწყებელი კერძო ტელევიზია არ არის და იქ მიმდინარე პროცესები საქართველოს მედიაზე გავლენას ახდენს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და ეს პროცესები ზეგავლენას ახდენს მთლიანად საქართველოს მედიასივრცეზე და გარემოზე. ძალიან საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ ჟურნალისტები და ჩემი ბათუმში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანია, პირადად შევხვდე ჟურნალისტებს, მოვისმინო მათი პრობლემები, ვიმსჯელოთ მათზე და გავცე რეკომენდაციები. შემდეგ კი მინდა შევხვდე უკვე ახლად არჩეულ დირექტორს და ვისაუბროთ არსებულ სიტუაციაზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილმა მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.
ჟურნალისტების განცხადებით, ახლად არჩეული დირექტორი მაუწყებლის საინფორმაციო ნაწილს ეხება და პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე აირჩიეს.