ლია მუხაშავრია: თუ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდება იმ 20 მოსამართლით, მაშინ ძალიან დიდი ხნით ვკარგავთ განვითარების პერსპექტივას

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ახლა არის საკვანძო საკითხი იმის გათვალისწინებით, მომავალში გვექნება, თუ არა ამ ქვეყანაში პროგრესი ზოგადად, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იურისტმა, ევროსასამართლოს ექსპერტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მანვე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ახლა არის საკვანძო საკითხი იმის გათვალისწინებით, მომავალში გვექნება, თუ არა ამ ქვეყანაში პროგრესი ზოგადად. მე ვგულისხმობ, მთლიანად სახელმწიფოს პროგრესს და განვითარების პერსპექტივას. თუ ახლა უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდება იმ 20 მოსამაართლით, რომელიც წარდგენილია ოფიციალურად იუსტიციის უამღლესი საბჭოს მიერ პარლამენმტის წინაშე, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ხნით ვკარგავთ ამ ქვეყანაში რაიმე განვითარების პერსპექტივას. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მთელი შეგნებით.
რამდენიმე საუკეთესო კანდიდატი ვერ გავიდა იმ ფილტრში, რომელიც კანონმდებლობითაა დადგენილი და რომლითაც მივიღეთ ეს 20-კაციანი სია. სიაში მოხვედრილ კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ყველას ვერ ჩავაყენებ ერთ რიგში, მაგრამ მათი მოხვედრა ამ სიაში უპირობოდ იყო იმის შედეგი, რომ მათ აქვთ დადებული გარიგება, რომ პოლიტიკურად სენსიტიური, ხელისუფელბისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც იქნება ხელისუფლებისთვის სასურველი. დანარჩენ შემთხვევაში თუ ექნებათა თავისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიკერძოებული და დამოკიდებული მოსამართლე სხვა საქმეებზე თავისუფალი და მართლაც დამოუკიდებელი იქნება. ძალიან საშიშია, გყავდეს ისეთი მოსამართლე, რომელიც ხელისუფლების დაკვეთას ელოდება, ან თუ დაკვეთა არ ექნა, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად დაიწყებს იმაზე ფიქრს, რა ესიამოვნება, რა იქნება სასურველი ხელისუფლებისთვის. ეს კი ნიშნავს მართლმსაჯულების აბსოლუტურად გაუკუღმართებას და განადგურებას“, – განაცხადა მუხაშავრიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები