ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოინახულა და ინფრასტრუქტურას გაეცნო (ფოტოკოლაჟი)
ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა თოკზე დაშვების, ხევის გადალახვის და კლდიდან დაშვების უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PFP) მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა და ერთადერთი ცენტრია რეგიონში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სამთო მომზადებას სთავაზობს.