ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“ მუშაობის ბრალდებით, ბაქოში აზერბაიჯანის რვა მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSS) ავრცელებს.
„აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის – IRGC-ის სპეციალური სამსახურების მიერ აზერბაიჯანში განსახორციელებლად დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები აღიკვეთა. ამ საქმეზე დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა – თარხან გულიევმა, ნიჯატ აგაევმა, ასად აბდულაევმა, რაშად რუსტამოვმა, ხადიჯა აგაევამ, ელვინ ახმედოვმა, ნარმინა შაბანოვამ და ნაიბ ისმიევმა – აღიარეს IRGC-სთან დაკავშირებული პირებისთვის დავალებების შესრულება. მათ მიიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და შეასრულეს მკვლელობის მცდელობების მომზადებასთან დაკავშირებული ბრძანებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების მტკიცებით, ეს ქმედებები, სავარაუდოდ, ორგანიზებული იყო IRGC-ის დაზვერვის დანაყოფის ოფიცრის, პოლკოვნიკი ალი აშგარ ბორდბარ შერამის მიერ.
„ირანის მოქალაქეები იასერ რაჰიმ ზანკი, ბეინამ რუსტამზადე საჰიბალი, ჰაფიზ თავასოლი და შეიხზადე საჯად მოჰამედ სატი სოფი ევადი საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან გამოცხადებულნი. ისინი ეჭვმიტანილები არიან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ტერორისტული აქტების მომზადებაში. სასამართლომ საქმეში ოთხ ბრალდებულს განაჩენი უკვე გამოუტანა. თარხან გულიევს, ნიჯათ აგაევს, ასად აბდულაევს და რაშად რუსტამოვს 6 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნარმინა შაბანოვას და ნაიბ ისმიევს ბრალი ედებათ მთავრობის ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობის მომზადებაში.
„ელვინ ახმედოვს ბრალი ედება იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვაში. სასამართლომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა“, – აღნიშნავენ უწყებაში.