ირანის ისლამური რესპუბუბლიკის ტერიტორიიდან ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება ეხმაურება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ AZERTAC-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთი დრონი ნახჭევანის აეროპორტის ტერმინალის შენობაზე ჩამოვარდა, ხოლო მეორე დრონი სოფელ შეკარაბადში, სკოლის შენობასთან ახლოს.
უწყების ინფორმაციით, დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. ბაქო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანმა მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, მოგვცეს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში.
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, მუჯტაბა დერმიჩილუ, საგარეო საქმეთა სამინისტროშია გამოძახებული”,- ნათქვამია განცხადებაში.