ეკა ბესელია: თუ სიჯიუტეს თავს დაანებებს მთავრობა, დაინახავს, რომ “გერმანული მოდელი” შესაძლებელია
დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას კანონში შესატან ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც “გერმანული მოდელის” პრინციპს ეფუძნება, მაგრამ მოდიფიცირებულია და საქართველოს კონსტიტუციასთან სრულიად თავსებადია. როგორც მან აღნიშნა, თუ მმართველი გუნდი არ გაჯიუტდება, მიხვდება, რომ ეს შესაძლებელია.
„ჩვენ გერმანიაში არ ვატარებთ არჩევნებს, ვატარებთ საქართველოში, ამიტომ ეს სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაძლებელია მანდატების განაწილების წესი შეიცვალოს და დადგინდეს სხვა წესი. თუ სიჯიუტეს თავს დაანებებს მთავრობა, დაინახავს, რომ ეს შესაძლებელია. თუ ყველაფერზე უნდა თქვას, რომ არ მინდა, მაშინ „შეაყარე კედელს ცერცვი“.
კანონში შესატან ცვლილებებს ვთავაზობთ, რომელიც გერმანული მოდელის პრინციპს ეფუძნება, მაგრამ არის მოდიფიცირებული და სრულიად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. მხოლოდ იცვლება პროპორციული მანდატის განაწილების წესი, რაოდენობა იგივე რჩება, მაგრამ მანდატების სამართლიანი განაწილების პრინციპით დავაზღვევთ იმ რისკებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს თუ ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები“,-აცხადებს ბესელია.