ზურაბ აბაშიძე: საუბარია არა კულტურის ცენტრზე, არამედ რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე, რომლებიც რუსეთის სავიზო ცენტრში იქნება

“ჩვენი შეხვედრის დროს, გუშინ მოვისმინე ბატონი კარასინისგან მოკლე კომენტარი, რომ რუსული ენის სავიზო ცენტრს, რომელიც თბილისში არსებობს და არის კომერციული სტრუქტურა, აქვს სურვილი გახსნას რუსული ენის კურსები ასევე კომერციულ საწყისებზე”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, გარდა მოკლე კომენტარისა, კარასინს მასთან შეხვედრაზე ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

“მე ვუთხარი, რომ ჩავალ თბილისში და გავარკვევ რა და როგორ არის-მეთქი. ასეთი მოკლე კომენტარი იყო”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ეს არ ყოფილა რაიმე ორმხრივი შეთანხმების საგანი: “არანაირი ორმხრივი შეთანხმება და რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა”, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

მისი თქმით, სავიზო ცენტრი კერძო, კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესთა სექციასთან თანამშრომლობს და გასცემს ვიზებს რუსეთში გამგზავრების მსურველთათვის. აბაშიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს შეაფასოს ამ ნაბიჯის პოტენციური რისკები როგორც რუსეთის რბილი ძალის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე შესაძლო ინციდენტების პროვოცირების კუთხით.

“მოდით გავაკრვევ ჯერ. ამჯერად ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – უთხრა აბაშიძემ “ნეტგაზეთს” და დასძინა, რომ ის თბილისში ხვალ ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები