ეკატერინე გალდავამ გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების თემაზე მიძღვნილ, მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, კომპანიის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში წყლისა და წყალარინების სფეროს გამოწვევები მიმოიხილა, ისაუბრა დარგში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე. ასევე, ყურადღება სატარიფო პოლიტიკის საკითხზეც გაამახვილა.
შეხვედრები სასესიო ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ინვესტიციებისა და კომერციული ფინანსების მობილიზაციის საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს მონაწილე ქვეყნების მაგალითები, რისკების მართვა და შედეგების გაუმჯობესება. დისკუსიების შედეგად, კვლევის შემუშავებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება.
კონფერენცია – “მრგვალი მაგიდა-წყლის სფეროს დაფინანსება” არის გლობალური პლატფორმა, რომლის მიზანს დარგის მდგრადი განვითარება წარმოადგენს. ამასთანავე, ხელს უწყობს მთავრობების, ფინანსურ ინსტიტუტების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, მსოფლიოს წყლის სამიტთან და ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობით, ფილიპინების დედაქალაქი 26-28 ნოემბერს მასპინძლობს.