ვახტანგ გომელაური: დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვას, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შეშას და კასრებს არ მიატანინებენ. მისივე განცხადებით, აქცია დაიშლება თუ მოქალაქეებს დისკომფორტი შეექმნებათ.
„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვას, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ? შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და ბოჭკები, უნდათ ჭიდაობა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც მან აღნიშნა, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.