თბილისში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა (ვიდეო)
თბილისში გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა,- ამის შესახებ განცხადებას კომპანია “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
“თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთი მისამართიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი “ცეო”-ზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა, აღმოჩნდა რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა.
ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე “თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა, მოგვიანებით იგივე დანადგარი ქსელზე თვითნებურად დააერთეს.
სტატისტიკურად მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს არ იცავენ და გასაქირავებელ ბინაში მკვლელ ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ.
კომპანია “თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ – ღია წვის კამერიანი დანადგარები თქვენი სიცოცხლისათვის სახიფათოა! გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და ჩახსნილი დანადგარები თვითნებურად არ დააერთოთ. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.
#არგარისCO
CO (ცეო) კლავს!”,- ნათქვამია განცხადებაში.