“ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა” გამომძიებელთათვის შემუშავებული რეკომენდაციის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს “ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა” გამომძიებელთათვის შემუშავებული რეკომენდაციის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.
გამომძიებელთათვის შემუშავებული რეკომენდაციის მიზანი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების ხარისხის ზრდა და პრაქტიკის სისტემატიზაციის მიზნით სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვაა.
დოკუმენტი ზემოაღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა იდენტიფიცირებასა და ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.
კერძოდ, რეკომენდაცია ისეთ საკითხებს აერთიანებს, როგორიცაა: დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციის ნიშნების განმარტება, ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო სამიზნეებისა და გამოძიების მეთოდოლოგიის შესახებ, გამომძიებლის დაზარალებულთან ურთიერთობის სტანდარტები, შეუწყნარებლობის მოტივის გამოსაკვეთად გასათვალისწინებელი გარემოებები და კითხვები, რომელთა დასმაც დაზარალებულის, მოწმისა და ბრალდებულის გამოკითხვის პროცესში სავალდებულოა.
რეკომენდაციაში წარმოდგენილია როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე, პრაქტიკული მაგალითები, რაც გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ მიერ შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებას და გამოძიების ეფექტიანად წარმართვას ხელს შეუწყობს.
დოკუმენტის შექმნის პროცესში დეპარტამენტი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან, სახალხო დამცველის ოფისსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობდა.
პრეზენტაციას ევროპის საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები