დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

24-26 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დავით ზალკალიანი შეხვედრას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან გამართავს.
მინისტრი შეხვედრებს გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ვოლფგანგ შოიბლესთან და ბუნდესტაგის სხვა წევრებთანაც გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ​ კიორბერის ფონდის რიგით მეცხრე ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.
ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისთვის ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან მიიღებენ. ღონისძიების მთავარი თემა გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები იქნება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას დავით ზალკალიანი მიიღებს, საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები