ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა სასწავლო პროგრამიდან ქართული ენის ამოღებას და მეგრულით ჩანაცვლებას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი, ქართული მხარის საპასუხოდ, სკოლებში ქართული ენის ამოღებას და მეგრულით ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნადარაიამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“160 ბავშვი წავიდა საქართველოში სასწავლებლად, 30 სოხუმში. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, პროცესი გრძელდება. საპასუხოდ ვგეგმავთ ქართული ენის სწავლების შეწყვეტას სკოლებში. ამას კანონი არ გვავალდებულებს, ეს ჩვენი კეთილი ნება იყო. სანაცვლოდ, შევიტანთ მეგრულ ენას, გალის მოსახლეობა ძირითადად მეგრულად საუბრობს”, – თქვა ნადარაიამ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, დე ფაქტო რეჟიმი, ქართულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად წამოსულ სტუდენტებს, ბინადრობის უფლებას ჩამოართმევს.
“მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ისინი მაინც საქართველოში წავიდნენ სასწავლებლად. კანონის თანახმად, პირი, რომელიც ბინადრობის უფლებას იღებს, 6 თვე უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. მინდა ვუთხრა აქედან წასულ სტუდენტებს, მათ გაუუქმდებათ საბუთი და აქ შემოსვლას მხოლოდ, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, ისე შეძლებენ.
მეგრული გალის ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიური ენაა, ამიტომ ჩვენ მივცემთ მათ საშუალებას ისწავლონ სკოლაში. თუ ქართული მხარე ჩაერევა ჩვენს შიდა საქმიანობაში, პასუხი იქნება ადეკვატური”, – ამბობს ნადარაია.