არჩილ თალაკვაძე: ბოქლომის იქით კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება ვერ მიდის, რაც სამწუხაროა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან ბოქლომის დადების მცდელობას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ბოქლომის დადების იდეის იქით კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება ვერ მიდის.

„როგორც ვნახეთ ყველამ, ეს იყო საკმაოდ სასაცილო აქცია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა მაჟორიტარული ბიუროს ოფისში, სადაც იმართებოდა მოქალაქეების მიღება.

ჩემი ბიუროს ხელმძღვანელი ყველა სამუშაო დღის განმავლობაში იღებს მოქალაქეებს და ესაუბრება მათ. მათ სცადეს თავისი ბოქლომის დადება. როგორც ხედავთ ბოქლომის იქით ვერ მიდის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და მათი პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა. პასუხიც ყველამ ვნახეთ; საზოგადოება ძალიან სწრაფად შეიკრიბა ადგილზე, მათ შორის ისინიც, ვინც მიღებაზე იყვნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ საჩუქრად გადასცეს დაჟანგული, ძველი ბოქლომი და ასევე, შეახსენეს ის პერიოდი, როდესაც მათ ბოქლომი ჰქონდათ დადებული ადამიანის უფლებებზე, საკუთრებასა და მედიაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ოზურგეთში ოპოზიციურმა პარტიებმა: “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაგეგმილი აქციის ჩატარება ვერ შეძლეს.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუროს ბოქლომი ვერ დაადეს. ადგილობრივებმა კი, “სირცხვილიას” აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომი საჩუქრად გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები