ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით ცივ ზამთარს 6 ოჯახი სახლში შეხვდება

“ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით ცივ ზამთარს 6 ოჯახი სახლში შეხვდება”,- ამის შესახებ ამავე რაიონის მცხოვრები დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, როდესაც რაიონის “მაჯის ცემა” ასე ესმის გამგებელს, მაჟორიტარს და ყოველთვის იქ დგანან სადაც საჭიროა.
“ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ჩუღურეთელი ვარ. ეს ძველი რაიონი ერთი დიდი ოჯახივითაა. სწორედ ამის დასტურია ის, რაც ახლახანს მოხდა: გედევანიშვილის N27-ში სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს, ხანძრის შედეგად დაიწვა სახლი. ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი საშინელებისაგან! რომ არა სწრაფი რეაგირება, ამ ოჯახებს ვინ შეიფარებდა? სად წავიდოდნენ? რამდენი ხნით? წინ ცივი ზამთარია. ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, როდესაც რაიონის „მაჯის ცემა“ ასე ესმის გამგებელს და მაჟორიტარს. ყოველთვის იქ დგანან სადაც გვჭირდება! ჩვენს გვერდით. აქ, ჩვენთან, ჩუღურეთში არ არსებობს ერთი ადამიანის პრობლემა. გამგებელთან ერთად ყველა ერთად ვდგავართ. მადლობა ყველას, ვინც ქმნის ამ ერთიან, თბილ და დიდ ოჯახს. ამ წვიმიან დღეს, გედევანიშვილის N27-ში, ხანძრისგან დაზარალებული 6 ოჯახი საკუთარ სახლშია უსაფრთხოდ”,- წერს დავით გამცემლიძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის N27-ში 10 ოქტომბერს, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 200 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ტერიტორია დაიწვა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „სხივი“ ასრულებს და მისი ბიუჯეტი 30 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები