ანა ნაცვლიშვილი: მოსამართლეთა ნაწილმა აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვაზე უარი თქვა

ჩვენ ვიცით, რომ გუშინ აქ არეულობა იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ეს საქმეები განეხილა. სისტემა კრიზისშია, – ამის შესახებ საოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მოძრაობის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მისი თქმით, ეს სისტემის კრიზისია.

“წლებია თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გუშინ აქ არეულობა იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ეს საქმეები განეხილა. სისტემა კრიზისშია, რადგან არ იცის, როგორ იპოვოს მორიგი მონა, რომელიც დაატყვევებს ჯგუფს იმ ადამიანებისა, რომელიც იბრძვის სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლნი არიან.

“სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ხედავთ, აქ სიმშვიდეა, თითქოს არაფერი მომხდარა. გასუსულები არიან, თითქოს ეს არ არის ის უწყება, რომელმაც გუშინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაატყვევა, ყოველგვარი კანონიერი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მორიგ ჯერზე, სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე, არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები