ლუკა თოიძე, 11 წლის ვუნდერკინდი – მხატვარი მომავლიდან

11 წლის ლუკა თოიძე, თავისი ასაკის კვალობაზე ღრმად არის გათვითცნობიერებული მსოფლიოს სახვითი ხელოვნების ისტორიაში. თუკი მის პერსონალურ გამოფენაზე მოხვდებით მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში, სადაც მისი 33 ნამუშევარი არის წარმოდგენილი, უმალ დარწმუნდებით, რომ მას განსაკუთრებით უყვარს ფიროსმანი, მოდილიანი, პიკასო და მათი გავლენაც საგრძნობია. თუმცა, ნებისმიერი მხატვარი ხომ მიბაძვით იწყებს? მთავარია, მერე როგორ ვითარდება ეს პროცესი, რჩება იგი მიბაძვის ობიექტის ტყვეობაში თუ პირიქით, ეხმარება, წავიდეს წინ და უკეთ გამოხატოს საკუთარი თავი?!
ლუკა თოიძეს მიბაძვაც მშვენივრად შეუძლია, მაგრამ გაცილებით ძლიერია, როცა საკუთარ თავთან რჩება. ამაში ცხადად დარწმუნდებით, თუ იხილავთ, როგორ ხატავს იგი ოჯახურ გარემოს, ნაცნობებსა თუ ქუჩაში ნანახ ტიპაჟებს, როგორი სიყვარული და თანაგრძნობა იგრძობა მისი თვალით დანახულ ადამიანებში, ცხოველებში, საგნებსა და ობიექტებში? მეორედ და მესამედ გიწევს მის სურათებთან დაბრუნება, იმდენად გულთამპყრობია ლუკა თოიძის ფიქრისა და წარმოსახვის სამყარო. ხომ გახსოვთ, გალაკტიონი რომ ამბობს: „რუსთაველი მახსოვს ბავშვიო”… შემოქმედებით ფსიქოლოგიას უჭირს ამ მისტიკური ფენომენის ახსნა, ხელოვანები ხომ სხვაგვარად ხედავენ და გრძნობენ გარემომცველ კოსმოსს? თუკი, გალაკტიონი თავის ლექსში შვიდი საუკუნის წინანდელ წარსულში გადაინაცვლებს, 11 წლის ლუკა თოიძე ნახატში ნახევარი საუკუნის შემდეგ წარმოიდგენს თავს, უკვე გაჭაღარავებული თმითა და წვერ-ულვაშით, 12 -13 წლის შვილიშვილების გარემოცვაში. ეს მისტიკის სფეროა, აბა ჩვეულებრივად როგორ გინდა ახსნა მოუძბენო ამ მოვლენას?!
ბოლომდე გამოუცნობ სიუჟეტად და კომპოზიციად მესახება ლუკას „ორი უსახლკარო“, პირდაპირ მიწაზე რომ წამოწოლილან, მხოლოდ ერთ მათგანს აცვია ცალ ფეხზე ფეხსაცმელი, მეორე, როგორც ჩანს, გზად დაუკარგავს. უდაბნოსავით ხრიოკია ეს გარემო, ქვიშისფერია მათ ლეიბად ქცეული ეს მიწა, ხელები თავქვეშ ამოუდიათ და ლურჯად მოკამკამე ცას შესცქერიან. ირგვლივ ხის ან ბუჩქის ჭაჭანება არ არის, თუმცა აქვეა მაცოცხლებელი ჭა, სურათის ზემო მხრეს კი მელა და გველი გამოუსახავს მხატვარს. ნეტავ, რა აზრი ჩადო მან ადამიანების სიახლოვეს ასე უშიშრად მყოფ ცხოველებში? ყველა ალბათ თავისებურ ახსნასა და გაგრძელებას უპოვის ამ კომპოზიციას. სწორედ ამგვარი შეუცნობლობა და ბოლომდე ამოუხსნელობა ანიჭებს ლუკა თოიძის ნახატებს განსაკუთრებულ ღირებულებას. მხატვრის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა პორტრეტი, ფერწერულად შესრულებული დედის პორტრეტის ღირსებას მარტო გარეგნული მსგავსების მიღწევა როდი წარმოადგენს, არამედ თმის ფერისა და ფონის ურთიერთმიმართება ქმნის დაუჯერებელ დინამიკას. მართალია, აქ მხოლოდ სახე მოჩანს, მაგრამ ის აშკარად მოძრავი ადამიანის სახეა, რომელიც წინ მოემართება. ასეთ თავისუფლებას ედვარდ მუნკმა მოწიფულობის ხანაში მიაღწია, ლუკა თოიძე კი ახლავე ფლობს ამგვარ ძალმოსილებას. გრაფიკული პორტრეტებიდან კი განსაკუთრებით გამოვყოფ ნიკა ბახიას, როგორც ფსიქოლოგიური პორტრეტის საუკეთესო ნიმუშს.
გრაფიკულად ამეტყველებული ნადირობის სცენები, სკოლის სპორტული დარბაზის რიტმი და კომიქსების სახვითი თუ აზრობრივი დრამატურგია ზედმიწევნით გამომსახველი და სიახლის მომტანია. საიდან ამ ასაკში მგავსი სრულყოფილება? გიკვირს და ფიქრობ, რას შექმის იგი უახლოეს ხანში, ანდა როგორი იქნება მისი მხატვრობა 10 წლის შემდეგ? ზუსტად შენიშნა გამოფენის გახსნაზე ხელოვნებათმცოდნე ქეთი ბენდელიანმა: „ლუკამ მართალია ყველა აღაფრთოვანა თავისი ნიჭიერებით, მის მიმართ ბევრი ქების სიტყვაც ითქვა, მაგრამ იმდენად მორიდებული ადამიანია, რომ მას ეს ქება არ აწყენს, პირიქით, პასუხისმგებლობას გაუჩენს და უფრო მეტი შემართებით განაგრძობს შემდგომ მუშაობას”.
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის მასპინძელმა დათა ამირეჯიბმა ლუკას ინტელექტუალური მხატვარი და ნამდვილი ვუნდერკინდი უწოდა, რომელიც ღრმად სწვდება სამყაროს სულს და მისგან მომდინარე იმპულსებს შთამბეჭდავ მხატვრულ ფორმად გარდაქმნის. მან უთხრა ლუკას, რომ გაისად, ნოემბერში, მეორე პერსონალური გამოფენისთვის უთმობს ამავე დარბაზს, რადგან ყველას გულწრფელად აინტერესებს, როგორ პროგრესს განიცდის მისი ზებუნებრივი ნიჭი…
ლუკა თოიძის გამოფენის ნახვა 24 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში, რომელიც მიტროფანე ლაღიძის ქუჩაზე, N1-ში მდებარეობს.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები