მიხეილ კალანდია: 19 წლის ასაკში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ

მინდა, რომ ხალხმა ნახოს ის მტკიცებულებები, რითაც მებრძვის პროკურატურა – არაფრით, რადგან, რაც ბუნებაში არ მომხდარა, იმის მტკიცებულება ვერანაირად ვერ იარსებებს და სწორედ ამიტომ მოითხოვა პროკურატურამ ჩემი პროცესების დახურვა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია “ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

კალანდია ფიქრობს, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს.

“ჩემი და ჩემი უფლებადამცველების ერთადერთი მტკიცე პოზიცია არის ის, რომ ჩემი პროცესები უნდა იყოს საჯარო და უნდა გაშუქდეს მასმედიით. მინდა, რომ ხალხმა ნახოს ის მტკიცებულებები, რითაც მებრძვის პროკურატურა – არაფრით, რადგან, რაც ბუნებაში არ მომხდარა, იმის მტკიცებულება ვერანაირად ვერ იარსებებს და სწორედ ამიტომ მოითხოვა პროკურატურამ ჩემი პროცესების დახურვა, რათა არ ნახოს ხალხმა, რომ მათ საქმის გამოძიებაში ძალიან ბევრი დარღვევაა და მათი წარდგენილი ბრალი არაფრით არ არის დასაბუთებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე არ მეძლევა საშუალება, რომ ჩემი სხდომები გავასაჯაროვო,” – განმარტავს მიხეილ კალანდია.

გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პოლიტიკოსებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და ის 19 წლის ასაკში პოლიტპატიმარია.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ,”- ამბობს მიხეილ კალანდია.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს და შეკითხვას, რას შეცვლიდა, ეს რომ შეეძლოს, ბრალდებულ კალანდიას თქმით, “დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა“.

“ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი“, – ამბობს კალანდია.

კალანდიას თქმით, თუ ქართული სასამართლო გავლენების ქვეშ მოექცა, სტრასბურგის სასამართლო “დაამტკიცებს მის უსამართლობას”.

“სამართლიან სასამართლოში აუცილებლად გავმართლდები, მაგრამ თუ ეროვნული ინსტანციები მოექცნენ პროკურატურისა და გავლენიანი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ, მაშინ ჩემს უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს სტრასბურგის სასამართლო და ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოება გაიგებს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის არასასიამოვნო სიმართლეს,”- აცხადებს მიხეილ კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები