ლევან მგალობლიშვილი: სამარცხვინოა, რომ ძალადობას აპროტესტებენ, თვითონ ძალადობის შემოქმედნი

ფსიქიატრების ოჯახში ვარ გაზრდილი და საერთოდ არ მიკვირს ოპოზიციის ქმედებები. რუსთაველზე ბოლო პერიოდის განმავლობაში რასაც სჩადიან მარტივი მისახვედრია, თუ რასთან გვაქვს საქმე, – ასე აფასებს “რეგიონულ კვირასთან“ პარლამენტარი ლევან მგალობლიშვილი, ბოლო დღეებში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე პროცესებს.

“სამარცხვინოა, რომ ძალადობას აპროტესტებენ თვითონ ძალადობის შემოქმედნი. ჩვენმა ბრძენმა საზოგადოებამ კარგად იცის და ახსოვს წარსული, სასტიკი ჯალათების მმართველობა, ასე რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ეს მათ კარგად იციან. სწორედ ამიტომ არ აწყობდათ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა. ჯანსაღი ოპოზიცია საჭიროა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ზრდისთვის და სტაბილურობისთვის, თუმცა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები გვამუხრუჭებენ ყველა ასპექტში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, იმისათვის, რომ ამ ხალხისთვის ხელი გამოგვეწოდა, მაგრამ დღეს არავითარ კოჰაბიტაციაზე საუბარი არ არის. მე მადლობას ვუხდი თითოეულ სპეცრაზმელს და სამართალდამცველს, რომ უმაღლეს დონეზე მოხდა მომიტინგეების მშვიდობიანად დაშლა, ისე, რომ არავინ დაშავებულა“, – განაცხადა პარლამენტარმა.

ცნობისთვის, სამთავრობო პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები