გიორგი გახარია: ფაქტობრივად თავს დაესხენ დეპუტატებს, მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ

0

გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველასთვის თავისუფალია და არავინ არსად არ წავა სხდომის ჩასატარებლად, როცა პარლამენტი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციამ კანონის ფარგლებში იმოქმედა.

“ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულადაა დაცული. ეს გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა უპრობლემოდ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა ჯერ ქუჩების და შემდეგ პარლამენტის ბლოკირებისკენ მოუწოდა ხალხს, პარლამენტის ფუნქციონირება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ; ფაქტობრივად თავს დაესხენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ.

პოლიცია მოქმედებდა სრულად კანონის ფარგლებში. გადაკეტილი ქუჩები ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის პრობლემებს და გარდა ამისა, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველასთვის თავისუფალია და არავინ არსად არ წავა სხდომის ჩასატარებლად, როცა პარლამენტი არსებობს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეები დაშალეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. დაკავებულია 37 ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი