ხატია დეკანოიძე: “ქართული ოცნების” რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” 23%-იანი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა.
“რასაც ვამბობდით ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც ივანიშვილმა დადგა ფარსი – ე.წ. მაჟორიტარების აჯანყება, ხომ აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ჰქონდა თავისი კვლევის შედეგები და ფაქტია, რომ 23-პროცენტიანი “ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი ჯამურად შეადგენს 41 პროცენტს. ასევე, გადაუწყვეტელი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია და ასეთი ადამიანები ყოველთვის შედიან ოპოზიციური ხმების კალათაში. ივანიშვილი ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება მოქალაქეებთან დაპირისპირების ფონზე. გულწრფელად გეტყვით, ნებისმიერი კონფიგურაციითაც კი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს აუცილებლად წააგებს და აუცილებლად ჩამოსცილდება ხელისუფლებას. ჩვენ გვჭირდება პრინციპულობა, ძალიან მყარი პოზიციები და ერთიანობა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განმარტა დეკანოიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემდა, “ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ კი 15 პროცენტი.