ირაკლი ქადაგიშვილი: პრობლემების უმრავლესობის გადაწყვეტა მიმდინარე განსახორციელებელ პროექტებში შეიძლება

სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის პრობლემები მოისმინეს.

თეთრი წყლების, ვარდისუბნის, გულგულას, ყარაჯალას და რუისპირის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სასმელი წყლის გრაფიკის გაუმჯობესება და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელა.

ყარაჯალაში, რომელიც ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფელია, ახალგაზრდები სპორტული მინი მოედნის მოწყობის ინიციატივით გამოვიდნენ.

“სტადიონის მოწყობა ჩვენს სოფელში 1 წლის წინ დაიწყო, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა. ბევრი ახალგაზრდაა სპორტით დაკავებული და სათამაშო სივრცე არ გვაქვს. ამიტომ, როცა ჩვენი სოფლიდან სხვადასხვა სოფლებში დადიან სათამაშოდ, ზოგჯერ კონფლიქტის მიზეზი ხდება“, – განმარტა “რეგიონულ კვირასთან“ რუსლან აშიროვმა.

ასფალტის ქარხნის საკითხით დაინტერესება ურჩია ხელისუფლების წარმომადგენლებს რუისპირის მოსახლეობამ. მათი განმარტებით, ქარხანაში შესაბამისი პირობები დაცული არაა  და დაკვამლიანება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

“არავინაა წინაღმდეგი იმის, რომ ქვეყანას ასფალტი სჭირდება, მაგრამ ფილტრებს არ ცვლიან და სოფელში საშინელი ბოლი ტრიალებს. აქამდე თუ ქარხანას დილის საათებში ამუშავებდნენ, ახლა ღამის საათებში მუშაობს, მაგრამ მაინც პრობლემაა ჩვენთვის“, -განმარტა ლია დანელიამ.

ის, რომ აღნიშნული პრობლემები სოფელის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან და გადასაჭრელ საკითხს წარმოადგენს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიც აღნიშნავს.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ღია სახის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რათა სრულყოფილად მოხდეს მოსახლეობის აზრის მოსმენა და შემდგომში გათვალისწინება.

“პრობლემების უმრავლესობის გადაწყვეტა მიმდინარე განსახორციელებელ პროექტებში შეიძლება, ნაწილის კი მომავალ წელს. აღნიშნული შეხვედრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასაც ემსახურება. თვითმმართველობა არ არის მხოლოდ არჩეული მერის საქმე, ეს არის პირველ რიგში მოსახლეობის საქმე და ეს დიალოგი ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ურთიერთობას, ინტერესების და პრობლემების მოსმენას და შემდგომში მათი გადაწყვეტის გზების მოძიებას“,- განმარტა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები