ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ

ერთსულოვნება და ტოლერანტობა, აქტუალურია და აუცილებელი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების მიღებაზე განაცხადა.
“მე გულითადად მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან მობრძანდით. ტოლერანტობის დღეა, ურთიერთდახმარების, ურთიერთგაგების, დაცვის, იმ ფასეულობების დაცვის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვიცავდით ჩვენ და ჩვენი წინაპრები.
მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა.
აი, ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. მე გისურვებთ ღვთის ლოცვა-კურთხევას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ გაჭირვებული ხალხი, ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ. მადლობელი ვარ, რომ ჩვენთან მობრძანდით, გაიხარეთ“,-განაცხადა პატრიარქმა.
ა.წ. 15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე “UNESCO”-ს ინიციატივით 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. საქართველოში ეს დღე პირველად 2016 წელს აღინიშნა და მისი მასპინძელი საქართველოს საპატრიარქო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები