აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო

“კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი იყო ყოველთვის ხელშეუხებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჭეშმარიტი პატრიოტი, პატივსაცემი ადამიანი, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა პრაქტიკულად მძევლად აიყვანეს, მაშინ როდესაც ის პაციენტის ჯანმრთელობის გადასარჩენად, მის დასახმარებლად იყო წასული ოკუპირებულ რეგიონში. საზღვრისპირა სოფლებში, სადაც არაადამიანური და ჩაკეტილი საზღვრის პირობები გრძელდება, სწორედ ამ ოკუპანტების ხელისუფლებამ, მარიონეტულმა, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გადარჩენის შანსი წაართვა უკვე ერთ ქალბატონს, რომელიც დაიღუპა იმის გამო, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და ამავე საოკუპაციო რეჟიმმა რისკის ქვეშ დააყენა მეორე ადამიანის სიცოცხლე. ეს გრძელდება ყოველდღიურად. ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მიაღწიეს არაადამიანურობის მწვერვალს იმით, რომ ექიმი მძევლად აიყვანეს და ჩასვეს ორი თვით იქ, სადაც რაც ხდება, ყველამ ერთად ვიხილეთ”, – განაცხადა ზოიძემ.
​მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს.
„ეს არის მიუღებელი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კულუარულად, შიგნით და გარეთ, ყველანაირი მეთოდებით ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით. აქამდეც განცხადება იმიტომ არ იყო გაკეთებული, რომ ყველაფერი კეთდებოდა არაოფიციალური არხებით და ვცდილობდით მკვეთრი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რათა მაქსიმალურად გაგვეზარდა შანსი, რომ ოკუპანტები გონს მოეგებოდნენ და გამოუშვებდნენ ბატონ ვაჟას. როდესაც ახლა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, უნდა ვეცადოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით, არა მხოლოდ ოფიციალური დიპლომატიური წრეების, არამედ საერთაშორისო წითელი ჯვრის, ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეთ” ჩართვით უზრუნველვყოთ ეს. ექიმი, ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ ცნობს საზღვრებს, ეს ფუნდამენტური ადამიანური პრინციპი დაარღვია ოკუპანტმა ხელისუფლებამ და კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე. ყველამ ერთად მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ოკუპანტი ხელისუფლების ეს აღმაშფოთებელი, არაადამიანური და აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი შეწყდეს”, – განაცხადა ზოიძემ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
​საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები