რუსთავის მერი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

რუსთავის მერმა ელჩს ძველი და ახალი რუსთავის ისტორია გააცნო. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ტყვედ ჩავარდნილმა გერმანელმა სამხედროებმა, ქალაქის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანეს და მათი გარკვეული ნაწილი, დღემდე რუსთავშია დაკრძალული. მისივე თქმით, გერმანელი ტყვეების საფლავების მოძიების მიზნით, უკვე მეორე წელია გერმანელი სპეციალისტები რუსთავის ისტორიულ მუზეუმთან ერთად, სამუშაოებს აწარმოებენ.

“ბატონი ჰუბერტ ქნირში, განსაკუთრებით დაინტერესდა ჩვენი ქალაქის ისტორიის იმ პერიოდით, როდესაც, გერმანელი ტყვეები, რუსთავის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებსა და გერმანელ სამხედროებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნენ, გარკვეული ურთიერთობებიც კი ჩამოყალიბდა. გერმანიის ელჩმა, რუსთავთან კულტურული ურთიერთობების დამყარების მზაობა გამოთქვა. ბატონი ჰუბერტი, ასევე დაინტერესდა რუსთავის პროფესიული გადამზადების ცენტრის – “მოდუსის” საქმიანობით. მან სურვილი გამოთქვა, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთხელ ესტუმროს და დეტალურად გაეცნოს იმ პროგრამებს, რომელსაც “მოდუსი” დღეისათვის ახორციელებს პროფესიული გადამზადების კუთხით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მოგვიანებით, რუსთავის მერი – ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – კახა კობერიძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი – ჰუბერტ ქნირში რუსთავის მე-15 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც პროექტის – “ევროპული კლუბები საქართველოში” ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა. საღამოს, რომელიც ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავს მიეძღვნა, ადენაუერის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი, ტომას შრაპელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

საპილოტე პროექტი – „ევროპული კლუბები საქართველოში”კონსულტაციის და ტრენინგცენტრისა (CTC) და პოლონეთის რობერტ შუმანის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში რუსთავის მე-15 და მე-16 საჯარო სკოლები, ასევე თბილისის 4 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტის მიზანია, საჯარო სკოლებში ევროპული კლუბების ჩამოყალიბებით, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების, იდეების, ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები