თორნიკე მერებაშვილის საქმეში ბრალდებული ზვიად კოჩუაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მცხოვრები ზვიად კოჩუაშვილი დღეს გორის რაიონული სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნა, ზვიად კოჩუაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში გეგმავს.
“დღეს მორიგი სასამართლო პროცესი იყო. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარედგინა, რაც პატიმრობას 4-დან 7 წლამდე გულისხმობს. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიად კოჩუაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მე ხაზგასმით ვამბობ, რომ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – ამბობს სულხან კაპანაძე.

გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ მას ზვიად კოჩუაშვილის ბრალეულობის არ სჯერა და შესაბამის უწყებებს სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“დღეს გავიგე, რომ ზვიად კოჩუაშვილი ისევ დაუკავებიათ. რომ გითხრათ დიდად არ გამკვირვებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანს ჩემი შვილის საქმეში ხელი არ ურევია. კიდევ ერთხელ ვთხოვ შესაბამის სტრუქტურებს, წარმართონ გამოძიება სწორი მიმართულებით, დააკავონ ყველა ის პირი, ვინც შვილი მომიკლა. ჯერ კიდევ ვიცდი, მე ამ ცხოვრებაში აღარაფერი მაქვს დასაკარგი. ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობის აღსადგენად და ჩემი შვილის მკვლელების დასასჯელად“, – თქვა მერაბ მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმეში ბრალდებული ზვიად კოჩუაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაათავისუფლა, რომლის მიხედვითაც, წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის დაკავება 9 თვეზე მეტხანს არ შეიძლება.

ცნობისთვის, ბრალდების მხარის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები