ბათუმის მთავრობის სახლის წინ დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

აქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული – ამის შესახებ აჭარის პოლიციის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა რამდენიმეჯერ მოუწოდეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ მთავრობის სახლის ცენტრალური შესასვლელი, თუმცა მათ პოლიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

“სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ დაახლოებით 10 კაცს მთავრობის სახლის ცენტრალური შესასვლელი კარი ჰქონდა ბლოკირებული და თანამშრომლებს არ ეძლეოდათ შენობაში როგორც შესვლის, ასევე გამოსვლის შესაძლებლობა და შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე გამოცხადდა პოლიციის დანაყოფები. არაერთი გაფრთხილებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დაკავებული ლოკაცია, მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა და აქციის 4 მონაწილე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით”, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ამ წუთებში მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი დარჩა, ნაწილმა კი სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებულების სასამართლო პროცესი ცოტა ხანში დაიწყება.

შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ. ისინი ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებს არ უშვებდნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ერთ-ერთი მათგანი კი ყოფილი პოლიციელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები