“გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!” – ზუგდიდში, დეპუტატ მერაბ ქვარაიას ბიუროსთან აქცია გაიმართა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობდა.

“ვაპროტესტებთ, იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ ის იყო, ერთ-ერთი წარმდგენი და ინიციატორი ამ კონსტიტუციური ცვლილების. თუმცა, როგორც აღმოჩნდა თავისივე წარდგენილ ინციატივას მხარი არ დაუჭირა,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

“ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდის ორი დეპუტატი ხალხის გადასაგდებად გამოიყენა.

“ბიძინა ივანიშვილმა, ეს ორი მორჩილი ადამიანი, ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია, ჩვენი ორი დეპუტატი გამოიყენა საზოგადოების გადასაგდებად, რაც მას არავითარ შემთხვევაში არ შერჩება. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების გადაგდება, ჩვენი საზოგადოების გადაგდება და ყველასი, ვისაც გვქონდა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების იმედი“,- განაცხადა ოპოზიციონერმა.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი ბაღათურია განმარტავს, რომ მაჟორიტარმა მისი აზრი მკაფიოდ და ნათლად ბიუროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დააფიქსირა.

მისივე განცხადებით, ეს არის არჩეული მაჟორიტარის პოზიცია.

“ბიუროს თანამშრომლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ბიუროში ვიზიტი და შეხვედრა არ წარმოადგენდა და წარმოადგენს არავითარ დაბრკოლებას. ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენთან აღნიშნულ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ღიად საუბარი და თანამშრომლობა“, – განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა.

ზუგდიდის აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიიღო და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლისთვის, მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მისი განმარტებით, დებატებმა და მთელმა პროცესმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უძღოდა წინ, გამოკვეთა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და მოუმზადებელი. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, როცა ამისთვის 113 ხმა იყო საჭირო. პარლამენტის სამმა წევრმა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. სულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა წევრმა გაიარა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები