მერაბ ქვარაია: მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე

ვფიქრობ, რომ დღეს მივიღე საკმაოდ რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი, რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელი გადაწყვეტილება, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და იმ ამომრჩევლთა წინაშე, ვისაც წარმოვადგენ – აღნიშნული განცხადება,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

ქვარაიას განმარტებით, დებატებმა და მთელმა პროცესმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უძღოდა წინ, გამოკვეთა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და მოუმზადებელი.

“ჯერ არ გადადგმულა დეცენტრალიზაციის მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები, რამაც უნდა შეავსოს მაჟორიტარული სისტემის არარსებობით გამოწვეული სიცარიელე, პროპორციული სისტემის პირობებში არ არის გამოკვეთილი რეგიონების ინტერესების გათვალისწინების მექანიზმი, არ არის ჩამოყალიბებული საარჩევნო სიებში შიდა რეგიონალური შეჯიბრებითობის პრინციპი, არსებული პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ვერ ჩამოყალიბების და, შესაბამისად, სტაბილურობის შენარჩუნების”, – აცხადებს ქვარაია.

მისივე განმარტებით, ერთადერთი, ვინც დღეს შეიძლება ამ სისტემაზე გადასვლით გახდეს ბედნიერი, არის ნაციონალური მოძრაობა, სხვა მცირე პარტიებს კი რეალურად არანაირი შანსი არ ეძლევათ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში სოლიდური შემადგენლობით.

“ჩემი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი პრინციპულად არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებას, კონსტიტუცია კი არის ის დოკუმენტი, რაზეც საერთო თანხმობა და კონსესუსი უნდა არსებობდეს და რაც შეიძლება ნაკლები კითხვის ნიშნები, არ დავუჭირე მხარი იმ გადაწყვეტილებას, რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული. ჩვენ ერთხელ უკვე ვიმსჯელეთ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს 2024 წელს, ეს ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაშიც. შესაბამისად, ვთვლი, რომ უნდა დარჩეს ძალაში კონსტიტუციის ის რედაქცია, რაც ძალაშია, მოვამზადოთ ქვეყანა და 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – აღნიშნავს იგი.

მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც დღევანდელ კენჭისყრაში  მონაწილეობა არ მიიღო და  საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები