ეკა ბესელია: პროპორციულ სისტემაზე უარი სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე უარი სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია.

დეპუტატის თქმით, ბოლო დროს განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი მხარდაჭერილი იქნება.

“იმდენად ცუდად ვითარდება პროცესები, არ მაქვს კარგი მოლოდინი და არ მინდა, ეს გამართლდეს. იმის მიუხედავად, რომ ვუყურებ, როგორ ხდება ერთმანეთთან კოლეგების მუშაობა, რათა საწინააღმდეგოთა რიცხვი გაიზარდოს, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრსა და იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ, გადაწყვეტილება მიიღონ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო არჩევანი ქვეყნისთვის, თუ საჯაროდ მიცემული დაპირება იქნება უგულებლყოფილი, ეს დააზიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, საკუთარ ხალხთან მმართველი პარტიის მიმართ დარჩენილ ნდობას და რეპუტაციას, ასევე, ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე, რადგან არასერიოზულ და არასათანადო პარტნიორად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია, ასე მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეცვალოს. პროპორციულ სისტემაზე უარი სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია. მინდა, მას მივმართო, ამას ნუ გააკეთებს. მას იმდენი გავლენა და ბერკეტი აქვს, რომ ის დეპუტატები, რომლებიც ზოგი ძალით იბრაზებს თავს და ზოგი შეიძლება, გულწრფელადაც ბრაზობდეს, ერთ პოზიციამდე მიიყვანოს. სხვაგვარად გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ამ ქვეყანაში დასაცავი იმიტომ, რომ საკუთარი პარტია და დეპუტატები აუჯანყდნენ და პარტიის შიგნით ვითარებას ვერ მართავს. მაშინ სურათი იქმნება, რომ ეს ადამიანები გამოდიან პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ. თუ ასეთი ღია კონფლიქტია და თუ უნდათ, დავიჯეროთ, რომ ეს კონფლიქტი გულწრფელია, ასეთი კონფლიქტი მაშინ სხვაგვვარად მთავრდება. არა ისე, რომ მოდი ერთმანეთს დაველაპარაკოთ და დავარწმუნოთ, არამედ გზები იყოფა. უნდა დავინახოთ, ეს გზები როგორ გაიყოფა. მაჟორიტარების ამბოხების მე არ მჯერა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება დეპუტატ დაჩი ბერაიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი გადარწმუნება ვერ მოახერხა, ბესელია ამბობს, რომ, ამის არ სჯერა. ასევე, აღნიშნა, რომ დაჩი ბერაია საზოგადოებამ პარლამენტის წევრად, ბოლო პერიოდში, ხულიგნური ქმედებებით გაიცნო.

“დაუჯერებელია. დაჩი ბერაია საზოგადოებამ გაიცნო პარლამენტის წევრად ბოლო პერიოდში, რომ ან ხულიგანივით სულ იქაჩება და იწევს, ოღონდ დაუმთავრებლად ხდება და ცოტა სასაცილოდაც კოლეგების მიმართ, ბოლოს კი ამ ამბებით. საზოგადოებას ბერაია არ გაუცვნია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ვინც იმ პრობლემებზე და კანონპროექტებზე საუბრობს, რომლებიც შეიძლება, მის ოლქს წაადგეს. მისი ხმა არც მაშინ მახსოვდა, როცა „ქართუში“ მუშაობდა და „ქართუს“ თავს ესხმოდნენ, უბედურება იყო იმ წლებში. მისი ხმა არც ამ პარლამენტში და არც ჩემს კომიტეტში გამიგია. არ ვუშვებ, რომ პროცესი უმართავია, ეს ყველა შემთხვევაში მათ დაბრალდება. როგორც ჩანს, პრაგმატულად არის დანახული, მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მას ძალაუფლების დათმობა და გაყოფა მოუწევს”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები