დიმიტრი ხუნდაძე: ბევრნი ვართ, ვინც პროპორციულ სისტემას მხარს არ ვუჭერთ

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების მოწინააღმდეგეები მხოლოდ მაჟორიტარები არ არიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად მყარი. ვფიქრობ, დღეს უკვე უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ამის გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ, ძირითადად არიან მაჟორიტარები, მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარები. გუშინ თქვენ ნახეთ მათი პრინციპული პოზიცია და მყარი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მექნება ერთი თხოვნა, რომ დავანებოთ ზედმეტ სპეკულაციებს თავი. ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად გულწრფელები. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრისა და თვითონ პარლამენტის შემდგომ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ვემხრობით და სწორედ ამ მიმართულებით არის ჩვენი შეთავაზება, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც სხვადასხვა პარტიებს, სხვადასხვა წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, დააყენონ კონკურენტული კანდიდატი, ოღონდ ის არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც ვთქვათ მათთან ასოცირებული განაყარიდან ან შვილობილი პარტიებიდან. ჩვენ მზად ვართ, არ დავუყენოთ კონკურეტნტი, შევინარჩუნოთ მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება პარლამენტში. ვერავინ დამარწმუნებს და ვერც ჩემს თანამოაზრეებს იმაში, რომ ჩვენ მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. ჩვენ გვაქვს კიდევ შეთავაზება, რომელსაც უმრავლესობას სხდომის ფორმატში შევთავაზებთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ​პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები