ცაგერში სათავგადასავლო და ექსტრემალური პარკი მოეწყობა – გამარჯვებული იდეა ადგილობრივებმა შეარჩიეს (ვიდეო)

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “აგორა გეორგიას“ ჩატარებული კონკურსის “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა და  ცაგერის მუნიციპალიტეტში სათავგადასავლო, ექსტრემალური პარკი მოეწყობა.  კონკურსი 5 რეგიონის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ. ცაგერიდან 2 პროექტო იყო წარდგენილი და ერთ-ერთი მათგანი კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

გამართულ კენჭისყრაში ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას და გამარჯვებული იდეაც სწორედ ლეჩხუმელების სურვილის მიხედვით გამოვლინდა. პროექტი ცაგერის ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, რომელიც ამჟამად უფუნქციო სივრცეს წარმოადგენს. იდეის ავტორები ადგილობრივი ახალგაზრდები – ვასილ ქარსელაძე, დავით გუგავა და ნიკა ქომეთიანი არიან.

„რეგიონალური კვირა“ დეტალების გასარკვევად, გამარჯვებული პროექტის ერთ-ერთ ავტორს – დავით გუგავას ესაუბრა.
იდეის თანაავტორის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “აგორა გეორგიას“ ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა ცაგერის მერიის აქტიური მხარდაჭერის შედეგად გადაწყვიტეს. მისივე თქმით, იმ ადგილის შერჩევაში, სადაც ახალგაზრდების იდეა უნდა განხორციელდეს, თავად მერი – ავთანდილ უგრეხელიძე და მისი მოადგილე – მიხეილ მეშველიანი დაეხმარნენ.

„საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდა, რომ ადგილობრივები იღებდნენ მონაწილეობას კენჭისყრაში და თვითონ წყვეტდნენ ვის მიანიჭებდნენ უპირატესობას. კენჭისყრით გადაწყდა, რომ ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა. გვინდა, რომ აქ შემოსვლა და გართობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იყოს, დასაქმდება 30-მდე ადამიანი, კვების ობიექტები კი ეკონომიკურად გააძლიერებს მოსახლეობას. თებერვალში ჩეხეთში გავემგზავრებით 5 დღით და ჩატარდება ტრეინინგები, ასევე დავესწრებით ევროკონფერენციას“, – ამბობს დავით გუგავა.

გამარჯვებული იდეის თანაავტორი “რეგიონულ კვირასთან” იმაზეც საუბრობს, თუ რა გაკეთდება უშუალოდ ყოფილი სატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე. მისი თქმით, არაერთი ობიექტი გაიხსნება, აქ იქნება როგორც გასართობი სექტორი, ასევე მოსასვენებელი ადგილებიც. მოეწყობა ველო-ბილიკები და იქნება გასაქირავებელი ველოსიპედებიც. ამასთან, პარკში სპეციალურად იქნება გამოყოფილი ადგილი საჯომარდო აღჭურვილობისთვის და გაკეთდება ლაწუნდარას მთიდან პარაპლანით დასაშვები სივრცე.

დავით გუგუნავა აღნიშნავს, რომ 2020 წლისთვის დაგეგმილი მესტია-ლენტეხის დამაკავშირებელი გზა და წყალტუბოში მიმდინარე სამუშაოები მთლიანად ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას გაზრდის, ეს პროექტი კი გათვლილია, რომ ცაგერში ტურისტები დიდი ხნით დარჩნენ და ლეჩხუმუს ტურისტული პოტენციალი გაიზარდოს.

ამ ეტაპზე იდეის პროექტირებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის განსახორციელებლადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ა/ო “აგორა გორგიამ” ჯამში 600 000 ლარამდე გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები