პოლონეთიდან დაბრუნებულ ფერმერებს შიდა ქართლის რწმუნებული შეხვდა

შიდა ქართლში მცხოვრები ფერმერები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში, პომორსკის რეგიონში იმყოფებოდნენ.

მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების რეგიონული სამსახურის წარმომადგენლიც.

ფერმერებისთვის სასწავლო ტური, მიმდინარე წლის მარტში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოლონეთში ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა. ფერმერები პომორსკის რეგიონში თევზის, მეცხოველეობის, ხილ-ბოსტნეულის, რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოების პროცესს გაეცნენ. ასევე, მოინახულეს აგროტურიზმის ობიექტები.

ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ევროპულ გამოცდილებას.

ვიზიტიდან დაბრუნებულმა ფერმერებმა შიდა ქართლის რწმუნებულს, ის ინიციატივები და მოსაზრებები გაუზიარეს, რაც ვიზიტის განმავლობაში დაუგროვდათ. ასევე, აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის სასწავლო პროგრამები ეფექტური და სარგებლიანია.

“მიხარია, რომ ვიზიტი წარმატებულად დასრულდა, თუმცა აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. ურთიერთთანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ და თქვენი ჩართულობით შიდა ქართლის რეგიონი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მეტად უნდა გავააქტიუროთ. განათლება და გამოცდილება როგორც ნებისმიერ, ისე ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები