“ყველა უნდა მიხვდეს, ნუ ამოატრიალებენ საკუთარ ცხოვრებას” – ბოლო სამ თვეში კახეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა

0

საქართველოში ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში ხშირად ვრცელდება ინფომრაცია, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შესახებ. 2019 წლის 9 თვის ოფიციალური მონაცემებით, კახეთში წინა წლის მესამე კვარტლის სტატისტიკურ მაჩვენებლებთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 10.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდის მონაცემებით,  გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია.  თუმცა თუ გასული წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეების მაჩვენებლებს ამ წლის ანალოგიური პერიოდისას შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2018 წელს 444 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მაშინ როცა მიმდინარე წლის, იმავე თვეებში, 423 შემთხვევიდან მსხვერპლი 15-მდე გაიზარდა.
“რეგიონული კვირა” დაინტერესდა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, რა სამუშაოები ტარდება კახეთის რეგიონში და რა არის ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მეორე ოცეულის მეთაური, გიორგი ახალმოსულიშვილი „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნავს, რომ საგზაო უსაფრთხოების ნიშნებისა და კამერების ამოქმედების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა წინა წლებთან შედარებით იკლო.
ახალმოსულიშვილის თქმით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს, პატრულის ყველა თანამშრომელი პირველ რიგში, ადამიანის უსაფრთხოებაზე და შესაძლო საფრთხის შემცველი მდგომარეობიდან მათ გამოყვანაზე ფიქრობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირად იმდენად მძიმე ავარიები ხდება, რომ სამართალდამცველები უძლურნი არიან უსაფრთხოება უზრუნველყონ.
თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში „რეგიონულ კვირას“ უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზების შესაბამისი საგზაო ნიშნებით უზრუნველყოფა და განახლება, მათ მიერ მონიტორინგის და ადგილობრივების მიმართვიანობის საფუძველზე, ყოველწლიურად ხორციელდება.
სწორედ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ მიზეზი.
კამპანიის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება საგზაო უსაფრთხოებაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი