მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” მოიგებს და ამას საზოგადოების განწყობაც ადასტურებს.

“გუშინ სპექტაკლში გვადანაშაულებდით, დღეს კი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალით აღიზიანებთ იმ ადამიანებს და ისეთ რაღაცებს აბრალებთ, რაშიც მე ახლა მხარი უნდა დავუჭირო. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ, მიუხედავად მათ მიერ ბოლო დღეებში გახმოვანებული პოზიციისა. ამ ადამიანებს აბრალებთ, რომ კერძო ინტერესები აქვთ და რომ თითქოს გვაშანტაჟებენ ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად გულწრფელები არიან. მე კატეგორიულად ვემიჯნები მათ პოზიციას, მაგრამ ის, რომ კერძო ინტერესები აქვთ და გვაშანტაჟებენ, ამაზე დემაგოგიური და სპეკულაციური არაფერი შეიძლება იყოს,” – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.

მან პროპორციული სისტემის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერცერთ დროში ამაზე საუბარიც კი ვერ გაბედა.

“იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვაშინებენ ახლა იმით, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, რომ რაღაცები მოხდება ქვეყანაში და არევენ ქვეყანას, არამედ იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა არის უკეთესი. ჩემს წარმოდგენებსა და რამდენიმე ადამიანის წარმოდგენას შორის განსხვავება და უმრავლესობის ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გულწრფელად გვჯერა და განწყობაც ასეთია საზოგადოების, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ. თეორიულ დაშვებაში როცა შევდივართ, გაგვიჭირდება პრორუსულ ძალებთანაც კოალიციის დალაგება და ნაციონალურ მოძრაობასთან – საქმით პრორუსულ ძალასთან და მის ყველა შტოსთან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აქვე მდინარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პატრიარქისა და ეკლესიის წანააღმდეგ მიმართულ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

“და მაინც ეს ყველაფერი არ უნდა გახდეს ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. საზოგადოებას ცუდი შთაბეჭდილება დარჩება ამაზე. პროპორციული არის სისტემა, რომელიც პარტიების განვითარებას, პატარა პარტიების გაჩენას შეუწყობს ხელს და დემოკრატიის ხარისხს გაცილების მაღალ დონეზე უზრუნველყოფს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ პროპორციულს სისტემას. ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ და არა მხოლოდ ამ არგუმენტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის რეალურად უკეთესი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები