დიმიტრი ხუნდაძე: ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად არ იქნება მხარდაჭერილი

“ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი საარჩევნო მოდელის შექმნაში, რომელიც ადამიანების წამებაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, რეპრესიებზე, საკუთრების წართმევაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმის პოლიტიკურ რეაბილიტაციას, პარლამენტში დაუმსახურებლად და ხელოვნურად მათი წარმომადგენლობის დღევანდელი რაოდენობით შენარჩუნებას და მათთვის რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობის მინიჭებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საბედისწერო შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვების უფლება არ გვაქვს.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს განვითარების ამ ისტორიულ ეტაპზე, სულ მცირე, არ გვაქვს უფლება, კიდევ ერთხელ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა და ძირითადად, იმ მიზეზით, რომ ერთმანეთს ვეკეკლუცოთ, თუ როგორი პროგრესულები ვართ ან, თუნდაც ენჯეო-სექტორის მოწონება და შექება დავიმსახუროთ, ჩვენივე ხელით გავანადგუროთ ის მთავარი მონაპოვარი, კერძოდ კი – თავისუფლება და უფლება ვიცხოვროთ შიშის გარეშე – რაც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს „ნაცინალური მოძრაობის“ კაცთმოძულე რეჟიმთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად“ – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

ხუნდაძის თქმით, დღეს მათ (ნაციონალური მოძრაობის) ნამსხვრევებს შორის დისკუსია სწორედ იმ საკითხზე მიმდინარეობს, გამარჯვების შემდეგ რა სიმძაფრით გაარძელონ ქართველი ხალხის მოგუდვა და ჩაგვრა:

“ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ არ გავაფორმებთ გადარჩენის კონკორდატს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახიფათო საშინაო მტერთან!“ – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს/მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ანუ, სულ მცირე ერთ მანდატს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.67%-ს მაინც.

რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, თუ ერთ პარტიას მიღებული აქვს 45.1% და მეორე პარტიას 7.8%, ამ შემთხვევაში 7.8-ს მიენიჭება უპირატესობა.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება იმ პარტიებს, რომლებსაც 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს, ნაცვლად 25 000 ხელმოწერისა. თუმცა ეს იქნება ერთჯერადი. ხელმოწერის ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია. ბუნებრივი ბარიერი არის ერთჯერადი და ის მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუმცა 5%-იანი ბარიერი განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები