“ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის” – ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ პრეზენტაცია გამართა.

ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი, დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას ეხება. ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. მინისტრტის, თქმით, ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში. უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას.

“უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები