შალვა ნათელაშვილი: არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება, სამი მოსმენის პროცესში შეეცდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჩააგდოს

როგორც კი ივანიშვილი უარს იტყვის პრინციპზე მისცეს ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება, სახალხო საპროტესტო გამოსვლების ისეთ ტალღას მიიღებს, რომლის შედეგადაც რეჟიმის წალეკვა გარდაუვალი იქნება, ხოლო ივანიშვილი თავისი გარემოცვით გაქცევასაც კი ვერ მოასწრებს”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით “ლეიბორისტული” პარტიის ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

“დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ოპოზიციურ ძალთა უპრეცედენტო გაერთიანების დღე, საერთო მიზნისათვის. რათა ჩვენი ქვეყანა გავიდეს თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე, რაც არ მოხდება თუ დარჩება ივანიშვილის ძირგამომპალი, კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირი გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. იმ დონეზეც კი, რომ თავიანთი ნათქვამი სიტყვის უკან წაღება მოინდომეს.
მთელი მსოფლიოსათვის წინასწარ გაცხადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონცეფცია კინაღამ თავზე დაგვამხეს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს მიიღეს ცივი შხაპი საერთო ოპოზიციური ფრონტის სახით და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი არ მოეგებიან ჭკუაზე მიიღებენ მოვლენათა განვითარების ისეთ რევოლუციურ პერსპექტივას, რომ მოენატრებათ ბოლივია და ვენესუელა ერთად. ივანიშვილს მოენატრება მადუროს და მორალესის ბედი, რომელიც გუშინ დაამხეს და მისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაიჭირეს.

არსებული ინფორმაციით ხელისუფლება, სამი მოსმენის პროცესში შეეცდება ჩააგდოს მთლიანად ეს ცვლილება. აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილთან ვიწრო წრეში საუბარი იყო უკვე და ეს საუბრები გრძელდება. ამიტომ, დღეს პირველი მოსმენით გასვლა არ ნიშნავს საკითხის გადაწყვეტას და გამარჯვებას. სწორედ, ამიტომ იყო აუცილებელი ოპოზიციური სპექტრის შეკრება აუცილებელი, რათა დაფიქსირებულიყო ჩვენი პოზიცია, რომ როგორც კი ივანიშვილი უარს იტყვის პრინციპზე მისცეს ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება, როგორც კი იტყვის რომ ხელისუფლებაში უნდა დარჩნენ ოქრიაშვილები, ბაღვაშები, ოლიგარქები მიიღებს სახალხო საპროტესტო გამოსვლების ისეთ ტალღას, რომლის შედეგადაც რეჟიმის წალეკვა იქნება გარდაუვალი, ხოლო ივანიშვილი თავისი გარემოცვით გაქცევასაც კი ვერ მოასწრებს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები