ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს ბენ ჟოუს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყებას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ხელი შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის ზრდას.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მსგავსი კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ბიზნეს გარემო საკმაოდ მიმზიდველია, ხოლო რეგულაციები ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრადიციულ საბანკო სექტორთან ერთად სულ უფრო მეტად ვითარდება არასაბანკო საფინანსო სექტორიც, რომელიც ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებლებითაც არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი არის კრიპტო აქტივების ბაზარზე ლიდერი კომპანია Bybit, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ასეთი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს მეტ კონკურენციას და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს გადახდების სფეროში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც შეხვედრაზე Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში ლიცენზიის მიღების პროცესი მკაცრი და დეტალურია, თუმცა ამავდროულად გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია. მათ მიერ შექმნილი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი რეგულაციური გარემო საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის Bybit-ს, ქვეყანაში ოპერირების და ინვესტირების მოტივაციას აძლევს”, – განაცხადა ბენ ჟოუმ.

როგორც Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს არაერთი ინიციატივა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პარტნიორობას, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს. ასევე ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგულირებულ ჩარჩოში ციფრული აქტივების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლიანი მონაწილეობის წახალისებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები, ასევე, Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები