შალვა კიკნაველიძე: „პროპორციული არჩევნების გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა

0

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. მამუკა კაციტაძის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ცვლილებების პაკეტს, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე გამოეხმაურა და 3%-იანი ბარიერის დაწესების აუცილებლობის მიზეზებით დაინტერესდა.

„რატომ შემოგვაქვს ბარიერი, რატომ ვუწესებთ პრობლემებს, ან ვუზღუდავთ სივრცეს არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ან მომავალში ახალ პოლიტიკურ პარტიებს? რატომ ვაიძულებთ მათ, რომ, ან ნაციონალურ მოძრაობასთან, ან სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან შევიდნენ ბლოკში?” – განაცხადა კიკნაველიძემ.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა:„ზოგადად, პროპორციული არჩევნების ჩატარება და მისი გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს იყო „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და არა ე.წ. ხელმოწერების შეგროვების საფუძველი. ყველას კარგად გვახსოვს ოპოზიციის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ვციტირებ: „მილიონი ხმა საარჩევნო ცვლილებებისთვის”, თუმცა, რეალურად, პარლამენტში მესამედზე ნაკლების შემოტანა მოხერხდა. როგორია ოპოზიციის ხელმოწერების შეგროვების პრაქტიკა, ესეც კარგად ახსოვს საზოგადოებას, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცესკოში ყოფილი პრემიერის ხელმოწერა წარადგინეს”, – განაცხადა კიკნაველიძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას მე-8 მოწვევის პარლამენტიც განიხილავდა, თუმცა მაშინ ამ საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. კიკნაველიძის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის ინტერესი არა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, არამედ დებოშია: „რეალურად დღეს რა სურს ნაცმოძრაობას?! თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში პროპორციული არჩევნების ჩატარება, თუ ის დებოში, გაურკვევლობა და სპექტაკლები, რაც დღეს ვიხილეთ აქ ყველამ”, – თქვა შალვა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი