“ჩემი ოცნებაა ლაზარეს ოპერაცია გავუკეთო, რათა ბოლომდე განიკურნოს”- რაჭველი ქალი, რომელიც 4 მიუსაფარ ბავშვს ზრდის

0

ჯულიეტა გოგრიჭიანი-გრძელიშვილი ონის რაიონის სოფელ ღებში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა ღებში დაამთავრა და რადგან სწავლის გასაგრძელებლად დედაქალაქში წასვლა ვერ შეძლო, ამბროლაურის ტექნიკუმში, საბუღალტრო სწავლებაზე მოეწყო. მომავალი მეუღლე, მერაბ გრძელიშვილიც აქვე გაიცნო. ჯულიეტას მასთან თავიდან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა,თუმცა ყველაფერი შეიცვალა და 19 წლის ასაკში მერაბთან ოჯახი შექმნა. ახლა მათ 4 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავთ.

90-იან წლებში, როცა საქართველოში თითქმის ყველა უმუშევარი დარჩა, გრძელიშვილების ოჯახი საცხოვრებლად გურიაში გადავიდა.

“მერაბი მშენებელია და იქ უამრავი სახლი ააშენა,12 წელი გავძელით გურიაში. ძალიან გვადარდება მშობლიური დაცლილი რაჭა. ფოთში, მდინარე რიონზე გავდიოდით ორივენი და ვტიროდით – ეს ხომ ჩვენი რიონიაო“,- იხსენებს ჯულიეტა.

შემდეგ კვლავ ონში დაბრუნდნენ , სახლი აღადგინეს და რაჭულ ცხოვრებას თავიდან შეუდგნენ. ჯულიეტამ ეკონომიკის სამსახურში დაიწყო მუშაობა. როდესაც შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრება მოიწყვეს, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა.

“როცა ტელესივრცეში მიუსაფარ და ოჯახისგან მიტოვებულ ბავშვებზე სიუჟეტს ვუყურებდით,ორივე ვტიროდით. ცხოვრებაში ერთადერთი ოცნება მქონდა, გავმხდარიყავი ისეთი ბავშვების დედა, რომლებსაც  დედა და ოჯახური სითბო არ ჰქონდათ”.

გრძელიშვილების ოჯახი ამ ეტაპზე ოთხ ბავშვს უვლის და პატრონობს. თითოეულ მათგანს თავისი სევდიანი ისტორია აქვს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. ერთ დღესაც , სამსახურში მისულმა ჯულიეტამ ​თანამშრომლისგან შეიტყო, რომ ერთ-ერთ ოჯახში არსებული პრობლემების გამო, დედა წავიდა და შვილები მამას დაუტოვა. მამა სვამდა და შვილების პატრონობაზე უარს ამბობდა. ოჯახი, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, ჯულიეტას მეზობლები აღმოჩნდნენ, რომელსაც ადრეც ხშირად დახმარებია. გადაწყვეტილება იმ წუთშივე მიიღო და სოციალურ სამსახურს ბავშვებზე მეურვეობის სურვილით მიმართა.

ადგილზე მისულმა გაარკვია, რომ არცთუ ისე მარტივი პროცედურების გავლა მოუწევდა და ეს დაახლოებით თვენახევარი გაგრძელდებოდა. ითხოვა, ოფიციალური ნებართვის მიღებამდე ბავშვები, მეორე კლასელი გიორგი და  ორწლინახევრის თამარი, სახლში წაეყვანა. ნება დართეს. თავიდან ძალიან შეეშინდა, არ იცოდა როგორ შეეგუებოდნენ უცხო ბავშვები მას და მერაბს.

“მეორე დღესვე დედა და მამა დაგვიძახეს,ჩემი შვილები გახდნენ. კარგი მოსწავლეები არიან და უჩემოდ ერთი წუთით ვერ ძლებენ. ორი საათითაც რომ გავდივარ სადმე, ისე მელოდებიან, სიცხეს აძლევთ ნერვიულობისგან“.

განსხვავებული ისტორია აქვს ნუნუს, რომელიც სოციალურმა სამსახურმა ჯულის მეზობელი მუნიციპალიტეტიდან ააყვანინა.

“ცოტა სირთულეები გვქონდა. გოგონა, ოჯახური სცენების გამო, ძალიან იყო ფსიქოლოგიურად დათრგუნული. გაგვიჭირდა ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ დღეს ჩვეულებრივი დედა-შვილი ვართ. დედა ცდილობს მის წაყვანას. თუ ნუნუ მოისურვებს და სახელმწიფო ნებას დართავს, მზადა ვარ საიმედო ხელში გავუშვა“.

ყველაზე განსაკუთრებული ისტორია კი მეოთხე ბავშვს, ლაზარეს აქვს. ის ახლა 12 წლისაა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს.

“ერთ დღესაც სამინისტროს თხოვნით მივმართე, ყველაზე რთული ბავშვი მოეცათ. არ ვიცი ლაზარე რა პრობლემებით დაიბადა. ბავშვი თითქმის მომაკვდავი იყო და მიმღებ ოჯახს ეძებდნენ, რადგან მამა მისი სახლში წაყვანის და გაზრდის წინააღმდეგი იყო. მაშინ გავხსენებივარ სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს. 5 წლის ლაზარე როცა ჩამომიყვანეს, ცუდად გავხდი მისი შემხედვარე. ბავშვი 5 წლის ასაკში 4 კილოსა და 700 გრამს იწონიდა. მოტეხილი ფეხი, მიუხედაობის გამო, ცუდად ჰქონდა შეხორცებული, გამრუდებული. ურთულესი მენინგიტი გადატანილი. მხოლოდ ძვალი და ტყავი. თვალები ჩაკარგული,არცერთი კბილი არ ჰქონდა ამოსული. სამინისტროდან მოსულებმა, გაოგნებული რომ დამინახეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს “ალბათ ბავშვს აღარ დაიტოვებსო“. რას ამბობთ, აღდგომის მარხვაში ლაზარე შემომივიდა სახლში, ამას უკან როგორ გავაბრუნებ,  არსად  გავუშვებ-მეთქი და დავიტოვე. 2 წელიწადში ლაზარე ფეხზე დავაყენე. გამრუდებული კიდური მასაჟებით ​გავუსწორე. სიარული დავაწყებინე. აუტისტი ბავშვია, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მნიშვნელოვან გამოკვლევებზე დამყავს. წინ მივიწევთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ახლა ჩემი ოცნებაა ლაზარეს ოპერაცია გავუკეთო. თავში რამდენიმე კისტა აქვს და ხანდახან ტკივილისგან ძლიერ კრუნჩხვაში ვარდება. მჯერა,რომ ოპერაციის შემდეგ ლაზარეს მეტყველება შეეძლება. იმედია, მომეხმარება სახელმწიფო და მის ოპერაციას დამიფინანსებს. მინდა ჩემი ლაზარე ბოლომდე განიკურნოს!“

სახელმწიფოს მხრიდან ოჯახი თითოეულ ბავშვზე დახმარებას 450 ლარს იღებს, ლაზარეს შემთხვევაში კი შემწეობა 600 ლარია.

რაჭველ დედას, ბიოლოგიური შვილებიდან ამ ბავშვებს გარჩევა უჭირს და ამბობს – “იცით? ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ. ეს ბავშვები ჩემი შვილები არიან და კარგად იციან ჩემმა ბიოლოგიურმა შვილებმა და შვილიშვილებმა. მე ამათ გაშვებას არსად ვაპირებ. მიწები მაქვს, სახლები ცალ-ცალკე უნდა ავუშენო, აქვე უნდა დავასაქმო. ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტებში ვცდილობ გრანტი მოვიპოვო, რომელიც შემაძლებინებს ისეთი საოჯახო სასტუმროს აშენებას პანდუსებით, სადაც ლაზარესნაირ ბავშვებს ექნებათ საშუალება ნორმალურად დაისვენონ, გაერთონ და იცხოვრონ. მინდა ლაზარე ოფიციალურად ვიშვილო, გვარი მივცე, აბა მარტო და უჩემოდ რას იზამს?  ზოგმა გიჟიც კი შემარქვა. რაც უნდათ თქვან,რა ტალახიც უნდა მესროლონ, მე უფლისა და საკუთარი თავის წინაშე ვარ ის, რაც ვარ. იმ ადამიანებს კი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ვურჩევდი, აკეთონ ასეთი საქმე და ღმერთი მათ არასოდეს მიატოვებთ“

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი