ზაალ ანჯაფარიძე: გარკვეული ძალები ეკლესიის წინააღმდეგ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ შეტევას აწარმოებენ

0

რაც ახლა ხდება ეკლესიის წიაღში, ეკლესიის გარშემო, არის სწორედ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემების გამოძახილი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანჯაფარიძის თქმით, ამასთან ერთად, გამორიცხული არაა, რომ გარკვეული ძალები ეკლესიის წინააღმდეგ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ შეტევას აწარმოებენ.

„როგორც ჩანს, ეკლესიის წიაღში დაგროვდა ის პრობლემები, რა პრობლემებიც აქამდე საზოგადოებისთვის ხილული არ იყო, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ეს პრობლემები ზედაპირზე ამოიტანა. ვფიქრობ, რაც ახლა ხდება ეკლესიის წიაღში, ეკლესიის გარშემო არის სწორედ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემების გამოძახილი. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ იმასაც და საამისოდაც საკმარისი საფუძველია, რომ გარკვეული ძალები აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ შეტევას. ცდილობენ, ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩაითრიონ და ამით გამოიწვიონ ეკლესიის, როგორც ყველაზე უფრო სანდო ინსტიტუტის დისკრედიტაცია. საიდუმლო არავისთვისაა, რომ 2003 წელს, ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ , ეკლესიის წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა, მისი როგორც ინსტიტუციის გავლენის შესასუსტებლად. ამის თაობაზე უკვე ღიად ლაპარაკობენ ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც მაშინდელ ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე იყვნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ეკლესია ხელს უშლიდათ მათი რეფორმების გატარებაში. ვფიქრობ, ეს ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ინიცირებული იყო არა მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალების მიერ, არამედ იმ საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ, რომლებიც ჩვენთან მიიჩნევა ლიბერალური მიმართულების მომხრეებად. მათაც მიაჩნდათ, რომ ეკლესია წარმოადგენდა ერთგვარ ბარიერს საქართველოს პროდასავლური ორიენტაციისთვის, რადგან იქ მძლავრობდა რუსული გავლენები. ამაზე არსებობს არაერთი პუბლიკაცია. ყველა ამ მიზეზ-გარემოებების ერთობლიობამ განაპირობა ის, რა მდგომარეობაც გვაქვს ეკლესიაში. არ დაგვავიწყდეს, რომ თავად ეკლესიაშიც არის დაწყებული შიდა ბრძოლები იმ საკითხის გარშემო, თუ ვინ დაეუფლება ეკლესიის წინამძღოლის ტახტს.

მაინც მჯერა, რომ ეკლესია იპოვის თავის თავში ძალას, რომ ეს პრობლემები დაალაგოს ყოველგვარი გარეშე ჩარევების გარეშე. თუმცა, როგორც ვხედავთ გარეშე ჩარევები სამწუხაროდ, არ წყდება“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ეკლესიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ელექტორატისთვის ბრძოლას უკავშირდება.

„ალბათ, გახსოვთ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ერთ-ერთი ტელევიზიით, სადაც მან მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი აჩვენა საზოგადოებას. მოგეხსენებათ, ახლოვდება არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ჩანს, მოწადინებულია იმისკენ, რომ ის ელექტორატი, რომელიც ჰყავს და ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს, გაზარდოს იმ ელექტორატის მიმხრობის ხარჯზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ტრაციდიციულ, კონსერვატულ სეგმენტს. ეს ელექტორატი მაინც უფრო „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურთ, თავიანთი თავი წარმოაჩინონ როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველი, ეკლესიის ადვოკატის როლში, საზოგადოებას ახსნებენ, რომ სწორედ მათ დროს აშენდა ამდენი ეკლესია, მათ დროს მიეცა ეკლესიას დაფინანსება, ჩვენ ვიცით, რატომაც ეძლეოდათ მათ ეს დახმარება – სინამდვილეში მღვდელმთავრების გარკვეული ნაწილი რომ გადაებირებიანთ. დღეს მიდის ბრძოლა ელექტორატის მოსაპოვებლად. ეს მანევრები ეკლესიასთან დაკავშირებით, ეს განცხადებები რაც გვესმის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ელექტორატისთვის ბრძოლას”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი