“გვითხეს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მალე გავათავისუფლებთო” – ოკუპანტების მიერ დაკავებული კოდისწყაროს მცხოვრებლები ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან

ამ დრომდე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან გუშინ დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკაცებული, 59 წლის რამაზ ზადიშვილი და 63 წლის ზურაბ ტუხიაშვილი. ადგილობრივები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში დააკავეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ბიძა, ვანო ნადირაძე “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ კოდისწყაროს მცხოვრები, მწყემსები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

“დაკავებული ზადიშვილი ჩემი დისშვილია. ეგ ბიჭები მწყემსები არიან. ჩაუსაფრდნენ და დააკავეს. მაგ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლია, რომელიც ჩვენ ტერიტორიაზეა და რუსებმა  უსამართლოდ  დააკავეს. პოლიცია იყო მთელი ღამე და გვითხეს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მალე გავათავისუფლებთო”,- ამბობს ვანო ნადირაძე​

როგორც ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ერთ-ერთი დაკავებული თავად დაუკავშირდა ოჯახს და ამბავი შეატყობინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის გამო, ცხელი ხაზი ამოქმედებულია და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები