ნაზი ჯანეზაშვილი: 10 მიზეზი, რომლის გამოც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭიროს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრს წარუდგენს და დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არც ერთ კანდიდატს დაუჭირონ.

ჯანეზაშვილმა 10 მიზეზი დაასახელა, რის გამოც პარლამენტმა კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ უნდა დანიშნოს:

“პირველი გახლავთ 20 ივნისის კენჭისყრა, როდესაც გაჩნდა ეჭვი, რომ საბჭოს 10 წევრი სავარაუდოდ იყო წინასწარ შეთანხმებული და ისე გადაიყვანეს 50-დან 45 [კანდიდატი] შემდგომ ეტაპზე, რაც ცხადია, უსპობს შესაძლებლობას ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ სიაში, თავდაპირველ 139 ადამიანს შორს.

მეორე, გახლავთ მიქაუტაძესთან დაკავშირებით არსებული ხარვეზი. იგი დარეგისტრირდა დარღვევით. სამი რეკომენდატორი უნდა მიეთითებინა განმცხადებელს, ხოლო მიქაუტაძემ მიუთითა ორი, თუმცა ეს ხარვეზი იგნორირებულ იქნა საბჭოს მიერ.

მესამე, იგი ინარჩუნებდა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ხელმძღვანელობდა აპარატს, რომელიც მიქაუტაძის შესახებაც აგროვებდა ინფორმაციას და მის საქმეში არ მოხვდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ-ერთ საქმეზე, ხაჭაპურიძეების ოჯახის საქმეზე, სადაც მიქაუტაძე არის ფიგურანტი და სადაც პროკურატურის მიერ შემდგომ უკვე დაგვიანებით მითხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე გამოჩნდა, რომ გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

მეოთხე – ასევე, მიქაუტაძეს ხელი მიუწვდებოდა პორტალზე, სადაც კანდიდატების შესახებ ინფორმაცია იყო. მაგალითად, რა დაწერეს მოტივაციაში, რა წარმოადგინეს. ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საბჭოს წევრი ეცნობოდა.

მეხუთე – მნიშვნელოვანია ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც საბჭოს ორ წევრს უკავშირდება. ერთი გახლავთ თამარ ონიანი. მისი მაზლი, აზნაურაშვილი მონაწილეობდა კონკურსში და მაქვს ინფორმაცია, რომ ის დასაქმდა დღეისათვის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ასევე, საინტერესოა შენგელიას შემთხვევა, როდესაც მას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი ლევან თევზაძესთან მიმართებაში, მაგრამ ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული სტანდარტი არ იქნა დაცული. კიდევ უფრო საინტერესოა დღეს ეს შემთხვევა, რადგან მეორე კონკურსი მიმდინარეობს ერთ თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ამ კონკურსში მონაწილეობს ლევან თევზაძე და ის სამ კანდიდატს შორის მოხვდა. ანუ, ის კიდევ ერთხელ ცდილობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. საინტერესო შემთხვევა იყო ის, რომ პირველი კონკურსის დროს, ზუსტად ორი დღით ადრე, ოთხ სექტემბრამდე, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებდა საბოლოო 20-კაციან სიას, მან მოგვმართა, რომ აღარ სურს იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ მოგვმართა. რას ნიშნავს ეს, რა თამაშია, არ ვიცი, მაგრამ ცხადია, შეთანხმებული მოქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მეექვსე – ასევე, საინტერესოა კენჭისყრის ოქმი. კანონის თანახმად, ოქმს ხელი უნდა მოაწეროს მდივანმა, თუმცა მდივნის ნაცვლად გვრიტიშვილმა მოაწერა.

მეშვიდე – საინტერესოა თვითონ გვრიტიშვილის როლი. მოგეხსენებათ, რომ კანონის თანახმად, სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ან საბჭოს მდივანი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში რატომღაც გვრიტიშვილმა წარმართა სხდომები. ვინ მოიწვია, რა პროცედურით, როგორ, რა უფლებამოსილება ჰქონდა მას, არცერთ ნორმაში არ წერია. ყველა სხდომა, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, არაუფლებამოსილი პირის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. ვფიქრობ, ასეთ სხდომებსა და გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.

მერვე – საინტერესოა კენჭისყრის დარღვევით ჩატარება. კანონის თანახმად, საბჭოს უნდა განესაზღვრა წინასწარ პროცედურები, კონკრეტული წესი თუ რეგულაცია იმის შესახებ, როგორ ჩაატარებდა კენჭისყრას, თუმცა ასეთი პროცედურები საბჭოს არ განუსაზღვრავს და გამოგვიცხადეს, რომ ყუთში უნდა ჩაგვეყარა უბრალოდ ის ბიულეტენები, რომლებიც დაგვირიგეს.

მეცხრე – ასევე, საინტერესოა საჯაროობასთან დაკავშირებული პრობლემა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუდმივად არღვევს იმ ნორმას, რომლის საფუძველზეც საბჭომ შვიდი დღით ადრე უნდა გააცნოს საზოგადოებას დღის წესრიგი, გამოაქვეყნოს ვებგვერდზე ინფორმაცია სხდომის ჩატარების თარიღის შესახებ, თუმცა ეს ასე არ ხდება. განსაკუთრებით თავს იჩენს ეს პრობლემა, როდესაც უზენაეს სასამართლოს ეხება, რადგან უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, ყველა ვადა კანონითაა გაწერილი. ასეთ შემთხვევაში პროგნოზირებადი იყო საბჭოს მიერ, რომ წინასწარ გამოეცხადებინა, როდის ჩატარდებოდა საბჭოს სხდომა და რა იქნებოდა დღის წესრიგი. თუმცა, ეს ასე არ ხდებოდა.

მეათე – ასევე, მნიშვნელოვანია ეთიკის სტანდარტის დარღვევა. საბჭოს წევრების მხრიდან ეთიკის სტანდარტის დარღვევას, რეგულარული ხასიათი აქვს. დამოუკიდებელი ინსპექტორის რეაგირების შესახებ ჩემთვის ცნობილი არანაირი ინფორმაცია არ არის “, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი საკუთარ მოსაზრებებს წერილობითი ფორმით საქართველოს პარლამენტს დღესვე გადაუგზავნის.

როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, პარლამენტისთვის კანდიდატების შესახებ განსხვავებული აზრის წარდგენის უფლებას მას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საქართველოს ორგანული კანონი ანიჭებს.

საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატების მოსმენა იურიდიული კომიტეტის ფორმატში უკვე დასრულებულია, საბოლოო კენჭისყრა კი სესიაზე უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები